Saturday, July 9, 2022

მსოფლიოს პოლიტიკურ მოწყობას თუ ძალაუფლების ცენტრების (პოლუსების) უკიდურესად გამარტივებული, სქემატური მოდელით აღვწერთ, მთელი ისტორია პირობითად შეიძლება ერთ, ორ და მრავალპოლუსიან პერიოდებად დავყოთ. ერთპოლუსიანი მსოფლიოს სანიმუშო ეპოქებია PAX ROMANA, PAX BRITANNICA, როდესაც ‘მსოფლიო პოლიციელის’ როლს ერთი ძალა ასრულებს, ორპოლუსიანის – ე.წ. ცივი ომის პერიოდის მსოფლიო.

საბჭოთა კავშირის დანგრევით დასრულდა ორპოლუსიანი მოწყობის უკანასკნელი პერიოდი. სამყარო კვლავ ერთპოლუსიანი გახდა. ძალაუფლების ცენტრის ერთადერთობა სადავო აღარ იყო, განსხვავებით ცივი ომის პერიოდისგან; ბევრი ადამიანი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ სინამდვილეში ეს ორპოლუსიანობა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ამ საკითხს აქ არ ჩავუღრმავდებით, რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და რაც მთავარია, დასკვნების გაკეთების თვალსაზრისით, ბევრს არაფერს ცვლის. ამ საკითხის გარკვევა შეიძლება მნიშვნელოვანი  იყოს ზნეობრივი თვალსაზრისით, რაც ჩვენი ამოცანა არაა. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ ახალი “პოლუსების” ჩამოყალიბებაში და ამის თანმხლებ პროცესებში გარკვევას.

ცივი ომის შემდგომი რეალობა (ფუკუიამას “ისტორიის დასასრული”) საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლა რუსეთში “გეოპოლიტიკურ კატასტროფად “ მოინათლა. ე.წ. “კრებით დასავლეთში” (ესეც “რუსული ტერმინია”) ეს განცხადებები დიდად არავის გაუპროტესტებია არც სიტყვით და არც საქმით. მეტიც, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ჩრდილოეთ კავკასიაში (საქართველო 1992-94, 2008, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომი დნესტრისპირეთი, ყირიმი. დონბასი) განვითარებულ მოვლენებზე დასავლური რეაქციით ვიმსჯელებთ,საქმე მინიმუმ, მდუმარე თანხმობასთან უნდა გვქონდეს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს საერთო თანხმობა (უშუალო თუ შეფასებითი), რომ დაგროვილ გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებს ახლანდელი ერთპოლუსიანი მოდელი ვერ უმკლავდება. აქ ამ პრობლემების ჩამოთვლას, რომლებიც კლიმატის ცვლილებიდან ე.წ. “გაუქმების კულტურამდეა” განფენილი, არ შევუდგებით. ბევრი მათგანის გეოგრაფიული ლოკალიზაციაც ვერც მოხერხდება. ვისაც ადამიანური ფაქტორით ოპერირებას “სისტემური ხასიათის” ახსნა ურჩევნია, შეუძლია თქვას, რომ ერთპოლუსიანი სისტემა არამდგრადი აღმოჩნდა. როგორიც არ უნდა იყოს ახსნა, ცხადია, რომ ორპოლუსიანი სისტემა თავისთავად ვერ ჩამოყალიბდება. მიზიდულობის ახალი ცენტრის შესაქმნელად მხოლოდ ძალაუფლების სურვილი არ გამოდგება. ელექტროსტატიკური ანალოგია რომ მოვიშველიოთ, საჭიროა განსვავებული მუხტების არსებობა. ადამიანურ სამყაროში ამ მუხტებს იდეოლოგია/ფასეულობები ქმნის. ეს “განსხვავებული იდეოლოგიები” კი კარგა ხანია, რაც მწიფდება. (ბრჭყალები ვიხმარეთ არა იმიტომ, რომ გვაეჭვებს იდეოლოგიის/ფასეულობების რეალურობა, არამედ მათი პროპაგანდისტების დამოკიდებულების გულწრფელობა.) ასე იყო ცივი ომის წინ, როდესაც “თავისუფალმა სამყარომ” -” ექსპლოატატორებმა” იზოლაციაში მოაქცია “Animal Farm”-”ფაშიზმის დამმარცხებლები.” სხვათა შორის, რკინის ფარდა ამ უკანასკნელთ არ ჩამოუშვიათ. რკინის ფარდის დაშვება ფულტონში გამოცხდდა და საკმაოდ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა შემოღობილთა საგრძნობი ნაწილისთვის.

ახლანდელი იდეოლოგიური საზღვარი ბევრად უფრო ხელშესახები და დამაჯერებელია, ვიდრე ცივი ომის დროინდელი ქიმერიული “კაპიტალისტურ-მარქსისტული” დაპირისპირების დროს. ესაა დაპირისპირება პირობითად “ლიბერალურ” და “ტრადიციულ” ფასეულობებს შორის. პირობითად იმიტომ, რომ არც საღი აზრის უარყოფამდე მისულ “ვოუქიზმს” (“Wokeism”) ამოფარებულ ცინიკურ პრაგმატიზმს ესაქმება რამე ლიბერალიზმის მაღალ იდეალებთან და არც ურდოს მოსკოვიტურ ინსტინქტებს - ტრადიციული ფასეულობების რომელიმე სისტემასთან. პროპაგანდისტული ჰარმონია კი სრულია, რადგან ერთნი საკუთარ არაადამიანობას საღ აზრზე მიტანილი შეტევის მოგერიების აუცილებლობით ამართლებენ, მეორენი კი მოწინააღმდეგის მხეცობას ტრადიციული ფასეულობების განსაქიქებლად იყენებენ. ეს შიშველი და იაფფასიანი პროპაგანდა ორივე მხარეს ძალიან შედეგიანად მოქმედებს, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ეჭვიც კი არ ეპარება ამ იდეოლოგიური დაპირისპირების მოჩვენებითობაში.

უკრაინის ომი, როგორც ჩანს, ახალ, მინიმუმ ორპოლუსიან მოწყობაზე გადასვლის რუბიკონია. რუსეთის დემონსტრაციული, ჭკუის სასწავლებელი სადამსჯელო ოპერაციისათვის, რომელსაც კიევში ნამესტნიკი უნდა დაესვა, უკრაინელთა მოულოდნელმა გაძალიანებამ მოვლენათა განვითარება რუსეთისთვის ნაკლებად სასურველ, მაგრამ მაინც წაუგებელ, სარეზერვო კალაპოტში გადაიყვანა. დასავლეთის მიერ დაგვიანებით და თითქმის იძულებით დაწყებული სამხედრო დახმარება რაოდენობრივად და თვისობრივად მკაცრად დოზირებულია. დასავლეთის ლიდერთაგან არავის არ უთქვამს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს. მეტიც, ღიად ამბობენ , რომ რუსეთმა სახე არ უნდა დაკარგოს.გახშირდა სხვადასხვა რანგის სამხედრო ექსპერტების მიერ რუსეთის ჩვეულებრივ ომში დამარცხების შეუძლებლობის მტკიცებანი. ისმის გაფრთხილებები, რომ აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერები, რომლებიც “რუსეთის პროვოცირებას ახდენენ,” თავდასხმის შემთხვევაში აგრესორის პირისპირ მარტო აღმოჩნდებიან ნატოს წევრობის შემთხვევაშიც კი. ეკონომიკური სანქციების მოქმედების შედეგი შორსაა “ლეტალურისგან” და დეკლარირებულ მიზანს – რეჟიმის შინაგან დესტაბილიზაციას ვერ ემსახურება. ერთადერთი წონიანი დასავლელი ლიდერი, რომელსაც დისონანსი შეჰქონდა ამ მწობრ სურათში სიტყვით და საქმით, ვინც პირდაპირ აცხადებდა, რომ მიზანი რუსეთის დამარცხებაა, პოლიტიკურ სარბიელს დაჩქარებულ რეჟიმში ჩამოაშორეს.

არსებული მდგომარეობა იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთი:

  • ან არ აღიქვამს რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ;

  • ან თვლის, რომ ამ საფრთხესთან გამკლავება არ უღირს/შეუძლია;

  • ან სულაც თანახმაა, რომ ჰყავდეს ასეთი, არაადამიანური სახის მატარებელი “მოწინააღმდეგე.”

აქედან მხოლოდ შემდეგი დასკვნების გაკეთება შეიძლება:

  • ან ორპოლუსიან მოდელზე უკეთესი - თანაც ასეთი შემსრულებლებით - ვერაფერი მოიგონეს (ეს დასკვნა კონსპიროლოგებისთვისაა);

  • ან ობიექტური რეალობაა ისეთი, რომ ეს მოდელი – ასეთი შემსრულებლებით – ყველა სხვაზე უფრო მდგრადია (ეს - ისტორიის დეტერმინისტულ-მექანისტური ინტერპრეტატორებისთვის).

ორივე ეს დასკვნა არსებითად ერთია და ერთნაირად დამთრგუნველია, განსაკუთრებით იმათთვის, ვისთვისაც ჯერ კიდევ გაურკვეველია, რკინის ფარდის რომელ მხარეს აღმოჩნდებიან/მიუჩენენ ადგილს. იმ რკინის ფარდის, რომელსაც ბოლო დროს გახშირებულად ახსნებენ ორივე მხრიდან. პოტსდამი ჯერ არ შემდგარა. თუმცა ვინ იცის? დღეს იქნებ არც არის ამის აუცილებლობა.

კიდევ ერთხელ: დამაჯერებლად გვეჩვენება იმის მტკიცება, რომ არავინ სერიოზულად არც აპირებდა და არც ახლა აპირებს რუსეთის თამაშიდან გამოყვანას, ან მის “ცივილიზებულ მოთამაშედ” გარდაქმნას. მთელი დაგროვილი ემპირიული მასალა ამაზე მეტყველებს, თუმცა გავიმეორებთ იმასაც, რომ ამ მოსაზრების მიუღებლობა არსებითად მაინც არაფერს არ ცვლის დასკვნის თვალსაზრისით .

რა შედეგებს მოიტანს ეს? მოვლენები შემდგომშიც თუ ამ გაკვალული, ერთხელ უკვე გავლილი გზით განვითარდა, მივიღებთ რამდენადმე სახეცვლილ სიტუაციას, რომელსაც შეიძლება დაერქვას ცივი ომი 2, მკვეთრად მოხაზული და ცვალებადი/შეზღუდული გამტარებლობის, დროდადრო სრულად ჩაკეტილი საზღვრებით; ცვალებადი სიმძიმის, მაგრამ მუდმივმოქმედი ფინანსურ-ეკონომიკურ-კულტურული სანქციებით; ხელახლა ორიენტირებული ყველანაირი კავშირებით; სხვადასხვა სიმწვავის სასაზღვრო/რეგიონალური კონფლიქტებით; კულტურულ-იდეოლოგიური დაპირისპირებების გამწვავებით და ყველა სხვა მსგავსი “სიკეთით.”

უკრაინას დაათმობინებენ ტერიტორიის ნაწილს (მინიმუმ, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს + ყირიმს – ესაა “ოპტიმისტური შეფასება”). ეს გამოცხადდება დიდ გამარჯვებად, 2008 წელს საქართველოში აპრობირებული სლოგანებით “სახელმწიფო შედგა” და “სახელმწიფო არ ჩამოიშალა”. იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დახმარებაც ომის კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციაში, ოღონდ დასავლეთში გაკრეფილი ლტოლვილების უდიდესი ნაწილი შინ არ/ვერ დაბრუნდება, რასაც საყოველთაო გამოცდილება ადასტურებს.

რუსეთში ეს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებად იქნება აღქმული, რადგან “ისკონნიე რასიისკიე ზემლი” დაუბრუნდება “როდინა მატს”, რისთვისაც, რაღა თქმა უნდა, ღირდა და ღირს ქამრის შემოჭერა, მით უმეტეს, რომ ქამრის მოშვება სულ რაღაც ათი წელი გრძელდებოდა და დიდად არც არავის არ შეხებია. ვისაც შეეხო კიდე, იმან კარგა ხანია, რაც რუსეთიდან”დაახვია.” სხვათა შორის, ეს ხალხი, ზოგი წესიერი (ჩხარტიშვილი) და ზოგიც - უწესო (ნევზოროვი), ვინც რეჟიმის სწრაფ დასასრულს წინასწარმეტყველებდა, ბოლო დროს აშკარად გაყუჩებულია - რუსული თეთრი ემიგრაციის ბედი თუ იყნოსეს...

ჩვენი მდგომარეობა საჩოთიროა, რადგან უკრაინისა და მოლდოვას არაოკუპირებული ნაწილებთან შედარებით, საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის პოზიციონირება “ფარდის” მიმართ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაურკვეველია. გაურკვეველია როგორც გარეთ, ასევე შიგნითაც. საგარეო სფეროში ამაზე მეტყველებს ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები; ამაზე მეტყველებს უკრაინის პოლიტიკური ელიტის ტრადიციულად, “უკრაინულად” მოუხეშავი ნაბიჯები, მიუხედავად მათი გადამდგმელების ეთნიკური წარმომავლობისა. ესაა შეძლებული გლეხის, არქეტიპული კულაკის (უკრაინულად “куркуль ”) “ჟმოტობა”: - ამათ რა ხელი გამოიღეს, რატო “აჯილდოვებთო”. საპასუხო მოსაზრებები, რომლებიც, მაგალითად, 2008 წლის გამოცდილებით ოპერირებს, ამათთვის ნაკლებად მისაღებია უკვე აღნიშნული ეთნო-კულტურული სპეციფიკის გათვალისწინებით. მხედველობაში მისაღებია მათი კლანურ-პოლიტიკური კავშირებიც. ეს არაა, რა თქმა უნდა, პირველხარისხოვანი დინება, რომელსაც შეუძლია საგრძნობი ზეგავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, უბრალოდ ერთ-ერთი საინტერესო ინდიკატორია ჩვენს მიმართ არსებული გაურკვევლობისა და ვფიქრობთ, ზოგადი სურათის ინტერპრეტაციასაც კარგად ერგება.

უფრო საინტერესოა ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. ფარდის იქით, “ვარშავის პაქტში” მოხვედრა არავის ეპიტნავება, თუმცა არც გაქანებულ “ვოუქიზმზე” არ გიჟდება მაინც და მაინც არავინ. მითუმეტეს, რომ თუ ფარდა მართლაც დაეშვა, “აქეთ” მოხვედრა ნიშნავს დიდი ალბათობით მავთულხლართების ბეტონის კედლებად ქცევას, მილიონამდე თანამოქალაქის იქით ჩატოვებას, ოკუპირებული ტერიტორიების ოდესმე დაბრუნების შესაძლებლობაზე საბოლოოდ ხელის ჩაქნევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პოლიტიკურ არენაზე ამ, შესაძლოა, კრიტიკულ მომენტში, გვყავს ოპორტუნისტი მთავრობა, რომლის განწყობა გარკვეულწილად ასახავს მოსახლეობის ინდიფერენტულობას. არის მეორე, უფრო აქტიური ნაწილიც, რომელიც ეგზალტირებულად ლაპარაკობს “ფანჯრის გახსნაზე” და რომელსაც ოპორტუნისტი მთავრობა “ომის პარტიად” ნათლავს – საკმაოდ დაუმსახურებლად. ესაა ჭრელი ნაზავი, რომლის ნაწილი გაგიჟებულია “ვოუქიზმზე” (რაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს) და მითიურ ევროპულ გრანტებზე. ამათთვის სულერთია, ამ ტერიტორიაზე ვინ იცხოვრებს, მთავარია ტერიტორია იყოს შედარებით კეთილმოწყობილი (აქ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ავღნიშნოთ – ეს “ვოუქიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია). არის ამ სიჭრელეში პოლიტიკური რევანშისტების ძლიერი ნაკადიც, რომლებსაც გულწრფელად სძაგთ “პრადვინუტები” (“ვოუქისთები”), მაგრამ ეშმაკს ჩაეხუტებიან თავიანთი ჟინის მოსაკლავად. მთლიანად ეს პარტია გარკვეული თვალსაზრისით არის კიდეც “ომის პარტია,” მაგრამ არა რუსეთთან ომის და “მარიუპოლის მოწყობის,” არამედ გადატრიალებაზე, თუნდაც სისხლიან გადატრიალებაზე წამსვლელი პარტია. ოღონდ ამისთვის გარედან უფრო სერიოზულ სიგნალს ელოდებიან, ვიდრე ევროპარლამენტის ერთ ვიგინდარა დეპუტატს შეუძლია, რომ გამოაგზავნოს. გყავს კიდევ “ალტ-ინფოელები” და მათი მრევლი, რომელთა სერიოზულად განხილვა-გათვალისწინება აზრს მოკლებულია.

რა უნდა ვქნათ, ფარდა თუ დაეშვა? არც ვიცი და არც ვიცნობ ვინმეს, ვინც იცის...

მართალია, არის კიდევ ერთი, წმინდად თეორიული ვარიანტი – ფარდის დაშვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ესაა ე.წ. “ფინლანდიზაცია.” ეს ვარიანტი ბევრი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის დამთხვევაზეა დამოკიდებული და კეკონენიც სჭირდება, თუმცა "კეკონენების" ნაკლებობას ეს ქვეყანა არასდროს არ განიცდიდა...

მ.კიკნაძე

2022 წლის 8 ივლისი


მსოფლიოს პოლიტიკურ მოწყობას თუ ძალაუფლების ცენტრების (პოლუსების) უკიდურესად გამარტივებული, სქემატური მოდელით აღვწერთ, მთელი ისტ...